ექსკურსია თბილისში 🚎
2011 წელს პირველად გავხდი დამრიგებელი და ჩემი მასწავლებლობის საუკეთესო მოგონებები სადამრიგებლო კლასის მოსწავლეებს უკავშირდება.
7 წლის განმავლობაში ვიყავი მათი დამრიგებელი და სკოლა რომ დაამთავრეს, პირობა ჩამომართვეს, სადამრიგებლო კლასს აღარ ავიყვანდი.
პირობა შევასრულე იმდენად, რომ ,,ქორალში” დამრიგებელი აღარ ვყოფილვარ. არც მეგონა, თუ ოდესმე ისევ გავხდებოდი, თუმცა ბაღდათში დაბრუნებამ ბევრი რამ შეცვალა ჩემს ცხოვრებაში და წელს V კლასის დამრიგებელიც გავხდი. ასე გამოვიდა. ძალიან მინდა, ისეთივე ჯადოსნური იყოს ჩვენი სასკოლო ცხოვრება და ისეთივე ძვირფასი ურთიერთობები, როგორიც პირველ სადამრიგებლო კლასთან.
ეს კი ჩვენი პირველი ექსკურსიაა - მადლობას ვუხდი თბილისის მუზეუმების გაერთიანებას, რომ ექსკურსია და საგანმანათლებლო პროგრამები ჩემი მოსწავლეებისთვის მაჩუქა, მადლიერი ვარ მშობლების, რომლებმაც შეგვაძლებინეს თბილისის დათვალიერება.
ილიას მუზეუმის დათვალიერებისა და საახალწლო შემეცნებითი პროგრამის შემდეგ რიყის პარკი შემოვიარეთ, ძველ თბილისს თვალი შევავლეთ, შუშის ხიდით ანჩისხატთან მივედით, შავთელის და ჩახრუხაძის ქუჩებზე ვისეირნეთ, გაბრიაძის თეატრი და საათიც ვნახეთ და ბოლოს ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმს ვესტუმრეთ, აივნებიანი ქალაქის ისტორია მოვისმინეთ, მაკეტები გვაჩუქეს და ბავშვები ბაღდათში თბილისურ სახლებს შექმნიან.
ბოლოს ისევ გავისეირნეთ საახალწლოდ აციმციმებულ დედაქალაქში და ავტობუსით რამდენიმესაათიანი მგზავრობისა და იმერული ხაჭაპურის მირთმევის შემდეგ დავუბრუნდით ჩვენს მყუდრო და ქლიავისფერმთებიან ბაღდათს.

Comments
Post a Comment