მასწავლებლის დღიური
შარშან ასე დაგვინახა მე და ჩემი შვილები ერთმა მოსწავლემ. ძალიან მიყვარს ეს ნახატი, ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას ასახავს. ასე მივდივართ ყოველ დილას სკოლისკენ.
არ ვიცი, როგორია თქვენი დილა, მაგრამ ჩემი ძალიან ქაოსურია. სულ დავრბივარ ხან ფინჯანი ყავით, ხანაც ლეპტოპით და მოსწავლეების რვეულებით. მუდმივად რაღაცის მოსწრებას ვცდილობ, მიუხედავად იმისა, რომ გამთენიისას ვიღვიძებ, გარიჟრაჟზე, დრო მაინც არ მყოფნის.
შაბათი არ არის ხოლმე ასეთი, უფრო მშვიდად ვარ. და ისე მიყვარს ეს სიმშვიდე, ვტკბები. ამ დილას მაღვიძარა არ დავაყენე, ვიფიქრე, ცოტას დავიძინებ-მეთქი, მაგრამ 05:00 საათზე გამეღვიძა. გადავწყვიტე, ფოტოები დამეთვალიერებინა და ზოგიერთი წამეშალა. როგორც წესი, ჩემი გალერეა ძალიან სწრაფად ივსება და ვერსად ვერ ვატევ სურათებს. ახალი ტელეფონი 3 კვირის წინ ვიყიდე და თავს პირობა მივეცი, ფოტოები სისტემატურად დამეხარისხებინა. დრო რომ გადის, გადაღებულ ფოტოებს ვერ ველევი და მეხსიერების ვერც ერთი ბარათი ვერ მყოფნის. 3 კვირაში 1000 სურათზე მეტი მაინც გადამიღია, ამიტომაც სკოლის ფოტოებისთვის მორიგი ალბომი შევქმენი. ფოტოები ისე მომეწონა, სწორედ იმ წამს შემომიჩნდა სურვილი, მასწავლებლის დღიურისთვის ბლოგი შემექმნა და აქ შემეგროვებინა ეს ფოტოისტორიები. წლებია, მინდა ამის გაკეთება და ვერასოდეს ვერ დავიწყე სხვადასხვა მიზეზით. გუშინ ეკოკლუბელ მოსწავლეებს სემინარი ჩავუტარე - ,,როგორ მოვიფიქროთ იდეა", მერე კოტე იანტბელიძის წიგნი გავაცანი, იქ კი ამოვიკითხეთ, დღიური აწარმოეთ, რომ არ დაგეკარგოთ ან არ გაგეფანტოთ იდეებიო და მგონი, ამან შთამაგონა და დამაჩქარებინა ბლოგის შექმნა. რაღაც რომ მომინდება, თუ დროულად არ გავაკეთე, მერე იმდენ ხანს ვფიქრობ, სურვილი მეკარგება.
აი, ასე მყისიერად შევქმენი ეს ბლოგი. მოვასწარი, ვიდრე გადავიფიქრებდი. ყოველდღე იმდენი საინტერესო რამ ხდება ჩემს მასწავლებლურ ცხოვრებაში, მართლა მეკარგება ტელეფონის ფოტოარქივში და ეს დღიური დამეხმარება, შემოვინახო.
იქნებ ჩემს ხასიათსაც მოვერიო - წერას რომ ვიწყებ, ძალიან დიდ დროს ვუთმობ. ბოლო ხანს საერთოდ უარს ვამბობ წერაზე იმის გამო, რომ დრო არ მაქვს და მეშინია, უხარისხო არ გამოვიდეს. ჰოდა, ეს დღიური ჩემს შიშთან შებრძოლების მცდელობაც იქნება და ვინაიდან დროის დეფიციტი მუდმივად მაქვს, მცირე ჩანაწერითაც იქნებ დავკმაყოფილდე. სტილს ნაკლებ ყურადღებას მივაქცევ, ემოცია რასაც მიკარნახებს, იმას დავწერ. უპირველესად, ამას საკუთარი თავისთვის გავაკეთებ.
მაშ, ასე, ჩემი მასწავლებლობის მე-14 წელს ვიწყებ დღიურის წერას. ალბათ, უფრო ფოტოდღიური იქნება. ახალ თავგადასავლებს აღვწერ, თუ დროს ვიპოვი, იქნებ ძველი ისტორიებიც გავიხსენო.
ძალიან მაინტერესებს, როგორ ვუპასუხებ საკუთარი თავის გამოწვევას! თვითდისციპლინის ერთგვარი მცდელობა იქნება ესეც.



Comments
Post a Comment